logo
ENG



"გამოირიცხოს ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება" - უცნობის საკანონმდებლო წინადადება

04 ნოე 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
"გამოირიცხოს ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება" - უცნობის საკანონმდებლო წინადადება
ვახო ქარელი/ფორმულა

გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი საკანონმდებლო წინადადების მეშვეობით პარლამენტს მიმართავს, მაუწყებლობის კანონი შეცვალოს ისე, რომ გამოირიცხოს "ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროვება". შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არჩევნებამდე 2 დღით ადრე, 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

მედიაექსპერტების შეფასებით, ინიციატივა იურიდიულად არალოგიკურია და მასში ცენზურის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.

საკანონმდებლო ინიციატივაში შემდეგი შინაარსის ჩანაწერს ვკითხულობთ:

"ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე.

მაუწყებლობის შესახებ ზემოაღნიშნული კანონი ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს რეაგირების სხვადასხვა ზომებს, რომლებიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით არ არის ეფექტური. ალტერნატიული გზა არის სასამართლო, მაგრამ მასთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა მოტივაციასა და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს.

უშუალოდ მაუწყებელთან კომუნიკაციაც არ არის ეფექტური, რადგან არსებული კანონით გათვალისწინებული ქმედებები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება-გავრცელების პროცესის სამართლიანობას.

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გათვალისწინებით, გთხოვთ, შეიმუშავოთ, განიხილოთ და მიიღოთ საქართველოს ორგანულ კანონში "მაუწყებლობის შესახებ" სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროვებას", - წერია ინიციატივაში.

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ინიციატივას არ იცნობს, თუმცა "აუცილებლად უნდა იყოს სტანდარტი აწეული", რათა არ გავრცელდეს "მიზანმიმართული დეზინფორმაცია", ან "ცრუ სიუჟეტები" რომელიმე რესპონდენტის მიმართ. 

"არაერთი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანისგან მოგვისმენია, პრობლემებზე, რომ ცილისმწამებლური სიუჟეტები და "ფეიქ" ნიუსები ხშირად ვრცელდება. მათ შორის, მეც და ჩემი არაერთი კოლეგაც გამხდარა ამგვარი სიუჟეტების მსხვერპლი.

ვფიქობ მედიასტანდარტის დაწესება და იმ ძალიან კარგი პრაქტიკის შემოტანა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ცრუ ინფორმაციის გამიზნულად გავრცელებას ნებისმიერ ადამიანზე, ალბათ, მედიასაშუალების ინტერესშიც უნდა იყოს", - ამბობს ნინო წილოსანი და დასძენს, რომ ეს როგორ დარეგულირდება და რა ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული, სამსჯელო საკითხია. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვებზე, ხედავს თუ არა ცენზურის საფრთხეს ამ ინიციატივაში, წილოსანი პასუხობს, რომ "ესეც არაკორექტული სტანდარტია, დიდი ხნის მანძილზე ერთი და იმავე კითხვას მისვამთ".

კიდევ ერთ დაზუსტებაზე, როგორ აირიდებენ თავიდან ცენზურას, დეპუტატი ამბობს: "ამ ეტაპზე არ მაქვს პასუხი".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიან გოგოსაშვილი აცხადებს, რომ ინიციატივა შეიძლება, აღმული იქნას, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვა, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტისადმი განზრახვა, რომ ეს სტანდარტი შემცირდეს. 

"არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც ხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული კანონპროექტების ინიცირება, ან სურვილის გამოთქმა. ამ კონკრეტულ ინიციატივაზე შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის გაურკვეველი და ბუნდოვანია, რას ითხოვს [ავტორი]. ცილისწამებასთან დაკავშირებით მსჯელობს სასამართლო, 52-ე მუხლი თავიდანვე გამორიცხავს ცილისწამებას", - ამბობს ის. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძის საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულად არალოგიკური და დაუსაბუთებელია:

"გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავიუფლება უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომელიც გარდამავალ მდგომარეობაშია. ნებისმიერი შეზღუდვა კანონმდებლობაში, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს. [...] ეს წინადადება იურიდიულად არალოგიკური და დაუსაბუთებელია, სავარაუდოდ, ეს არის მორიგი მცდელობა დატესტვისა საზოგადოების".

გია გაჩეჩილაძის საკანონმდებლო ინიციატივა პირველ ნოემბერს დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროზე, სადაც თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაავალა მისი განხილვა. 


close დახურვა